უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს. ამ ეტაპზე ოპოზიცია შეთავაზებაზე კვლავ უარს აცხადებს.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, პროპორციული არჩევნების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დიალოგი წარმოუდგენელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და თუ ხელისუფლება უარს იტყვის მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, ვაშაძის ოპოზიციას პასუხი ამაზეც ექნება.
"ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. თუ ხელისუფლება უარს იტყვის იმაზე, რომ შეასრულოს მის მიერვე აღებული პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, ჩაატაროს პროპორციული სისტემით დასავლური სტანდარტის შესაბამისი არჩევნები, ჩვენ ამაზეც გვაქვს პასუხი. ერთიანი ფრონტით ოპოზიცია ამ არჩევნებს არსებული სისტემითაც მოიგებს, აღარავითარი გაყალბება ამას აღარ უშველის," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის უფლებას არ მისცემს.
"40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მივცემთ საშუალებას იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში, მარტივია ეს ფორმულა და აქ რიცხვებში არაა საქმე, აქ პრინციპშია საქმე. შესაძლოა ბოლო მცდელობას ჰქონდეს ადგილი, ოღონდ ეს არ არის იმ რაუნდების განახლების ფორმატში იმიტომ, რომ იმ რაუნდებში ამოწურულია ყველაფერი და შემოვიდა სერიოზული თემა, როგორც ყოველთვის იყო, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა თემა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს თემა კიდევ უფრო გამწვავდა," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ გამოსავლის პოვნა ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.
"ჩიხიდან გამოსვლა ყოველთვის შესაძლებელია თუ ამისი სურვილი არსებობს. ოპოზიციას ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩიხი არ იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს გამოსავლის პოვნა იმიტომ, რომ ზეწოლა არის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, ოპოზიციის ან საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, არამედ საერთაშორისო არენიდან. თუ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ორივეს გაკეთება შეიძლება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.