18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
მინისტრების პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობა მათ მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველია - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო"

"დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წევრების - ივანე მაჭავარიანისა და ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების მიზნით. 

"საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მთავრობის წევრის ვალდებულება, მოთხოვნის შემთხვევაში დაესწროს კომიტეტის სხდომას, მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. პარლამენტის საქმიანობაზე რეგულარულმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს პარლამენტი ძალიან არაეფექტურად იყენებს მთავრობაზე კონტროლის განხორციელების მის ხელთ არსებულ მნიშვნელოვან ბერკეტებს. 2019 წლის საშემოდგომო და 2020 წლის საგაზაფხულო სესიების განმავლობაში პარლამენტში პირველად დაფიქსირდა კომიტეტის სხდომის ფორმატში მინისტრების დაბარების შემთხვევა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის დაბარების ინიციატორი იყო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“. მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ გამოცხადდა კომიტეტის სხდომაზე. აღნიშნულის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

კომიტეტის სხდომაზე დამატებით გამოვლინდა, რომ საკომიტეტო სხდომაზე არ გამოცხადდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრი დაბარებული იყო ფრაქციების „დამოუკიდებელი დეპუტატებისა" და "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ მოთხოვნის საფუძველზე. მინისტრის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღნიშნულით მინისტრებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულება, რაც თავის მხრივ, იწვევს პარლამენტის მიერ მთავრობაზე კონტროლის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ფუნქციის არაეფექტურობას.

საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატი) რის შემდგომაც, საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

საქართველოს რეგლამენტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკითხს და თუ დადასტურდა მთავრობის წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს მთავრობის წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები