99 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან და დაშვებული დროშები - 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და მსოფლიოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
დილიდან ხალხმრავლობაა იუნკერთა მემორიალთან. ადგილზე დილიდან მიდიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, თითქმის 100 წლის წინანდელ და დღევანდელ მოვლენებს შორის მსგავსება დიდია.
"იმ იუნკერებს მიმდევრები ჰყავთ. ეს ჩვენ 1992-93 წლებსა და 2008 წელს გამოვიარეთ. ეს ერთიანობის დღე უნდა იყოს, რადგან ხალხმა საკუთარი თავი გასწირა," - აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.
"თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დღესაც გრძელდება და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალია ამ დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის წინაშე დავიცვათ თავისუფლება, რომლის დაკარგვაც 1921 წელს ძალინ ძვირი დაუჯდა არაერთ თაობას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რუსეთი ახლაც აქტიურად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა ახლა საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც იძლევა იმის საფუძველს რომ ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება.
"სამწუხაროდ თითქმის ერთი საუკუნის შემდგომ ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისათვის, რომ რუსეთმა დეოკუპაცია მოახდინოს, მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა ეს ქვეყანა არის დღეს შემდგარი. მას გვერდში ცივილიზებული სამყარო უდგას გვერდში. ჩვენს მხარეზეა სიმართლე და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში," - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
"ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდა ოკუპაციას. სამწუხაროა რომ ეს პროცესი გამოწვევად დღემდე რჩება და ჩვენ ამ პროცესს უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გაგვაჩნია," - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.