საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა.
"25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, იმიტომ, რომ ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება. გამარჯვება არის 1991 წელს, როცა აღდგა დამოუკიდებლობა. გამარჯვება არის ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი, ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც იბრძოდნენ ტაბახმელაზე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გახსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა.
ზურაბიშვილმა გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული.