ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს სრულად ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა.
"პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია. ეს ადვილი არ არის, ეს არ არის ის, რომ შეიკრიბონ და პრემიერ-მინისტრის განცხადება განიხილონ ამასთან დაკავშირებით და ხელის აწევით გადაწყვიტონ საკითხი. მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტატიასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
"საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის და ამისათვის, სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ამიტომ, კარგი იყო პრემიერის წერილი ვაშინგტონ თაიმსში, სადაც ბატონი პრემიერი ერთგვარ სამხედრო პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს რეგიონთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გიორგი გახარიამ გამოცემასთან The Washington Times აღნიშნა, რომ რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში და სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს საქართველოს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.