18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ნინო ხაჟომია და ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდნენ - რა დაპირება მიიღეს ჟურნალისტებმა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ახალი მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი და ნინო ხაჟომია, რომელმაც  აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა, თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრისას იყო მცირე შელაპარაკებაც, ვახო ხუზმიაშვილთან ჟურნალისტებს შეკითხვა ძირითადად სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ხუზმიაშვილის პასუხი იყო რომ ის, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას არ აპირებს და პირველი დადგება ჟურნალისტების გვერდით, თუკი ვინმეს მხრიდან ზეწოლის საფრთხე იქნება.

"მართალი სიტყვა და კრიტიკული სიტყვა რომ ისმოდეს ამ ტელევიზიიდან, იმის მხარეს ვიქნები. სიტუაცია რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს და ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ სტრესულ გარემოში. პირველი მე წავალ ამ ტელევიზიიდან თუ ვნახავ, რომ აქ, ვინმე შინაარსობრივ მხარეში ერევა," - მიმართა ჟურნალისტებს ვახო ხუზმიაშვილმა.

ნინო ხაჟომიას თქმით, აჭარის ტელევიზია იქნება კრიტიკული, ობიექტური და უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე აქამდე იყო. ხაჟომიას განცხადებით, მან თანამშრომლებს აუხსნა, რომ ის ტელევიზიაში ცენზორად არ არის მისული:

"შევხვდი ჩემს თანამშრომლებს, ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზანი. ვფიქრობ, რომ კარგად და ყველა მათგანი მიხვდა, რომ მე აქ არ ვარ ცენზორად მოსული, არამედ მე აქ ვარ საქმის საკეთებლად მოსული. ეს ტელევიზია იქნება კრიტიკული, ეს ტელევიზია იქნება ობიექტური, ეს ტელევიზია იქნება გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე აქამდე იყო. მქონდა შეთავაზება, რომ გავაკეთო საგამოძიებო გადაცემა. ამ გადაცემის კეთება მე ვიცი, წლებია ვაკეთებდი და ეს იყო გამოწვევა, რის გამოც დავთანხმდი აქ ყოფნას," - განაცხადა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ხაჟომიამ.

დღის ამბები