ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ერთი დოლარი ორი ლარი და 79 თეთრია. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კურსის გამყარება ხელოვნურად არ ხდება.
"ლარის გამყარებასა თუ გაუფასურებასთან დაკავშირებით პროგნოზს, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი არ აკეთებს. დღევანდელი ანალიზით, წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ, თუმცა, რა იქნება მომავალში, წინასწარ არ ვიცი. მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება საგარეო მოვლენები, როგორი იქნება ტურიზმის სეზონი, ზოგადად, ეს ძალიან მრავალფაქტორიანი ამბავია. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ხელოვნური ჩარევისგან თავი შევიკავოთ," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის განმარტებას, მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია.
"ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. სწორედ ექსპორტი არის ის წყარო, საიდანაც ჩვენს ბაზარზე უცხოური ვალუტა შემოდის. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ლარი მყარი და ჯანსაღი ვალუტაა ამ ეტაპზე," - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.