მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება შესაძლოა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ გააკრიტიკა, განცხადებები მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც გააკეთეს.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები გარკვეულ ოლქებში ეყოლება, თუმცა მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რეაქციას ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ფარული შეთანხმებები არ ხდება.
"ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რეაქცია, ჩემი აზრით, არ იყო ბოლომდე სწორი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გარეშე არანაირი შეთანხმებები არ ხდება. ეს არის საერთო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ლეიბორისტების ოფისში. სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება, არაფერი არაა შეთანხმებული,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების გავრცელებული სია მოულოდნელი იყო "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძისთვის. მისი თქმით, შეთანხმება ჯერჯერობთ არ არსებობს.
"სია ნამდვილად მოულოდნელია იმიტომ, რომ სახელებზე და გვარებზე შეთანხმება არ არსებობს. ძირითად ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს პრინციპული შეთანხმება, რომ საერთო მაჟორიტარული კანდიდატები გვეყოლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც 4 აპრილს გვექნება საუბარი ხალხთან, როცა შევიკრიბებით რუსთაველზე, იქნება რა სტრატეგიით მიდის ოპოზიცია არჩევნებზე, რაზე შევთანხმდით და ვინ იქნებიან მაჟორიტარები," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთს კანდიდატებზე იდეები გაუზიარა და ამ ინფორმაციამ გაჟონა, რადგან საერთო ოპოზიციურ შეკრებებზე ამ თემაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.
"მე სადაც ვესწრებოდი, იმ შეხვედრაზე არ ყოფილა, არ გამიგია და არც არავის უთქვამს, რომ ამაზე ვილაპარაკეთ და შევთანხმდითო. მე ჩავთვალე, რომ ადამიანები უბრალოდ ერთმანეთში ლაპარაკობენ თუ ვინ იქნება მათი კანდიდატი და ვის წარადგენენ ისინი, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთს გაუცვალა ინფორმაცია და ამ ინფორმაციამ გაჟონა. ჩვენ გირჩი ბუნებით მაჟორიტარები არ ვართ, პარლამენტში ხომ იცნობთ არიან ბუნებით მაჟორიტარები, ამიტომ განსაკუთრებული ვნება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუმცა გვესმის, რომ როგორც საჭიროა და რანაირადაც საჭიროა, ისე მოვიქცევით,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ის არ აპირებს ნებისმიერ გვარს დაუჭიროს მხარი.
"ზოგიერთებმა იჩქარეს და საკუთარი პარტიის შიგნით კონსულტაციები ინტერპრეტირდა ისე, თითქოს ეს იყო საერთო შეთანხმება პარტიებს შორის. გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს, თუ ჩავთვლი, რომ ის არის საკმაოდ შორს ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან. ვერ მოხდება საერთო შეთანხმება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკება და არ გვეცოდინება საერთოდ რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცური პარტიების 20%-ს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ხელისუფლება აზრზე მოვა და სუიციდურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
"კონსულტაციები ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის დაწყებულია, სხვა ძირითადი პოლიტიკური ძალები ასევე აკვირდებიან სიტუაციას, რომ იქნებ რეჟიმი მოვიდეს აზრზე და მაინცდამაინც ნუ გადადგამს თვითმკვლელობის სუიციდურ ასეთ საოცარ ნაბიჯებს, რასაც დღემდე ვხედავთ. შემდგომ რა თქმა უნდა ჩვენი დარჩენილი კოლეგები, თუ ვინმე არის ასეთი, მიიღებენ მონაწილეობას. საკონსულტაციო ფორმატის მონაწილე 80%-ს შორის ეს კონსულტაციები მიდის, 20% იმედზეა, რომ რეჟიმი მოვა აზრზე და თვითმკვლელობის ნაბიჯებს არ გადადგამს, მე მესმის მათი პოზიციის," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი გავრცელდა, რომლებიც შესაძლოა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იქნენ წარდგენილი. ამ სიაში დასახელდა შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე.