რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარება? - ამაზე ექსპერტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი ამის ძირითად მიზეზად, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პოლიტიკური არასტაბილურობის წნეხის მოხსნას ასახელებენ.
"ქვეყანას აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, ასევე საგარეო შოკის ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე შემცირებულია, რადგან ნორმალური ვითარებაა იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან. ამ ყველაფერმა მოიტანა ის შედეგი, როგორიცაა ლარის გამყარება," - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
ექსპერტი ოთარ ანგურიძე კი, ლარის გამყარების მიზეზად პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას ასახელებს.
"ლარის გაუფასურების მიზეზი იყო პირველ რიგში, ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც მომდინარეობდა რუსი დეპუტატების ვიზიტიდან. ამან არია მთელი ეს პროცესები. ასევე, ლარის გაუფასურება განპირობებული იყო ტურისტული ნაკადის მიმართულებითა და სხვა ფაქტორებით, რომლებმაც პირდაპირ იქონია გავლენა ლარზე. 2020 წლის დასაწყისი გვაქვს მშვიდი, რადგან არაფერი იყო ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენდა გავლენას," - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.
იმაზე, რომ ლარის გამყარება ისევე, როგორც მისი გაუფასურება, უარყოფითი მოვლენაა, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.
"როგორც გაუფასურება, ასევე გამყარებაც უარყოფითი მოვლენაა. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ლარის სტაბილურობაა. ამ ეტაპზე კი, სწორედ ეს სიტუაცია გვაქვს. ამის მიზეზი კი, გახლავთ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, ეს გახლავთ აქამდე განხორციელებული სავალუტო კურსის ცვლილება. ამ წუთისთვის კი, მერყეობის აუცილებლობა აღარ არსებობს და ბუნებრივია, დასტაბილურდება," - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა საბჭოს წევრმა, ალექსი ალექსიშვილმა.