18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება. ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს.

ოპოზიცია კონსულტაციებში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს, თუ მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, მათივე მტკიცებით, ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და ჯერი ახლა მმართველ გუნდზეა.

"ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს მისი მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლის ხარჯზე. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული წინადადებებით მივედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა აუცილებელ წინაპირობად ვაყენებთ, შეწყდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა.

"ოპოზიციაში არის ძალიან მაღალი თვითშეგნება და გააზრება იმ მდგომარეობისა, რომ თუ ივანიშვილი არ ჩამოსცილდა ხელისუფლებას, ეს ქვეყანა, რომელიც უკვე მძიმე მდგომარეობაშია სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ივანიშვილს მხოლოდ ძალადობრივად შეუძლია ხელისუფლების შენარჩუნება, ხელისუფლების ძალადობრივად შენარჩუნება კი  ნიშნავს, უკვე რეალიზებულ სანქციებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"მმართველი პარტია მოახდენს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, მოხდება თუ არა იმ პუნქტების შეთანხმება, რაზეც დიალოგი მიმდინარეობს დიპლომატების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ამის შემდეგ იქნება ჩვენი შეხვედრა და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა მისაღები და რას უნდა დავუჭიროთ მხარი და რას არა. ვიდრე არ ვნახავ შეთანხმების ტექსტს, მე წინასწარ ვერ გეტყვით რას დავუჭერ მხარს," - განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ.

"შეთავაზება 100 პროპორციულით და 50 მაჟორიტარულით არ გამომდინარეობს "ქართული ოცნების" ინტერესებიდან. ეს ქვეყნის ინტერესია და უპირატესობა ვისაც ექნება, იმ პარტიის მიერ სახელმწიფოში მთავრობის შექმნის გარანტირებული ფორმულა იქნება," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მხარეები დიპლომატებთან ერთად არაფორმალურ გარემოში შეიკრიბნენ და შეხვედრა მოლაპარაკებების მორიგ რაუნდად არ განიხილებოდა.

დღის ამბები