18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
კიდევ ერთი უშედეგო შეხვედრა - გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე, კვლავ უცნობია

ოპოზიციას, ხელისუფლებასა და დიპლომატებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შეთავაზებების და გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.

თავდაპირველად, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სისტემა 110/40-ზე შესთავაზა, რაც მოგვიანებით ქართული ოცნების წევრებმა უარყვეს. მთავარი კითხვა - გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე, ისევ ღიად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მხოლოდ ორი პირობით დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან - შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მეორე პირობაა - საარჩევნო კანონმდებლობის მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოება. 

"ვითარება არ შეცვლილა არანაირად, ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ ეს ორი კომპონენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში ნორმალიზაცია. ერთი არის პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე არის საარჩევნო სისტემაზე ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს. ანუ, არსებითად პროპორციული სისტემის მიღება,“-  განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი არ ყოფილა.

" საუბარი არის ფუნდამენტურ პრინციპზე და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებთ - ბუნებრივია, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ 2020 წლის არჩევნებში, იყოს მაქსიმალურად დაახლოებული პროპორციულ მოდელთან,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

კონკრეტულ ციფრებზე საუბარს უარყოფს ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძეც. 

"შეთანხმება იმასთან დაკავშირებით არსებობს, რომ პარტიამ მინიმუმ 40% უნდა მიიღოს იმისათვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს მთავრობა. კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფორმულები და განხილვები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით, იყო მოთელვა იმ ვარიანტების, რაზეც შეიძლება საბოლოო შეთანხმება შედგეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევისთვის კონსულტაციები გრძელდება, ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი, ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ მათ პოზიცია 135/15 საარჩევნო სისტემაა.  

"მიდის პროცესი, აქ კონკრეტულ პროპორციებზე ჯერ არ არის საუბარი, რაზე მოხდება შეთანხმება. მე ვიცი ჩვენი პოზიცია რა არის და ამ ჩვენ პოზიციაზე დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრე, ეს არის 135/15-ზე,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილის თქმით, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნები ნორმალური საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, ამისთვის ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს.

"იყო სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობა და ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა იმისთვის, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ნორმალური საარჩევნო სისტემა, რაზეც, ჯერჯერობით, ძნელია საუბარი, შანსი არსებობს თუ არა,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები