ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეფასებები გააკეთეს დიპლომატებმა. ისინი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დიალოგის გაგრძელებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ აუცილებელია მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.
"მონაწილეობა მივიღე დიპლომატებისა და პოლიტიკოსების არაფორმალურ შეხვედრაში. განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, თუმცა დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, რომელმაც ყველა დაგვაფიქრა იმაზე, რაც შეიძლება აისახოს მომავალ დღეებზე,“ -განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ვარაუდობს, რომ შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"ეს იყო არაფორმალური შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და დიპლომატები ესწრებოდნენ. ყველამ ვიცით, თუ რა საკითხებია მნიშვნელოვანი ამ დღეებში. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენ არ მიგვიღწევია ამ პროცესებიდან კონკრეტული შედეგებისთვის. აქ მყოფი ყველა პირი, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ამ ყველაფერს ცოტა მეტი დრო სჭირდება. ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ მოთმინება, რამდენიმე დღეში, ალბათ შედეგი ცნობილი გახდება,“ - განაცხადა ჰუბერტ კნირშიმ.