მიუსხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე უცნობია. მთავარი კითხვა - როდის გაიმართება მოლაპარაკება, კვლავ უპასუხოდ რჩება. თუმცა უმრავლესობაში ღიად აცხადებენ, რომ აუცილებელია, შეთანხმება შედგეს და მხარეები ისეთ მოდელზე შეჯერდნენ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პოლიტიკურ ძალას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ჰქონდეს, უმრავლესობის წევრები ოპოზიციის ამ პრეტენზიას ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ამას გამორიცხავს:
"არც დავუშვებთ იმას, რომ 40%-ზე ნაკლები ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას და იმას ქონდეს პრეტენზია მართოს ქვეყანა, ამიტომ ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება, ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება წარმოადგინონ საარჩევნო ოლქები," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მოდელი, რომელიც გამორიცხავს 40% ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს უნდა მოერგოს:
"რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40%-ზე მეტი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია დააკომპლექტოს მთავრობა, ჩვენ, დაუფიქრებლად ფაქტიურად, ამაზე ვთანხმდებით და ვეუბნებით, კი ბატონო, ჩვენ შევქმნათ ისეთი მოდელი, ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40% ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ეს მოვარგოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.