პოლიტიკურ ძალებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ იქამდე, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შევა ჩიხში და არჩევნები არსებული მოდელით ჩატარდება, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგაც კითხვებზე პასუხები უცნობია. თუმცა მაინც არის შანსი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისს მიაღწიონ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მთავარი არის პრინციპი, რომ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის შანსი 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პოლიტიკურ ძალას არ მიეცეს, ამას კი კაპანაძის აზრით მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული თანაფარდობა პროპორციულსა და მაჟორიტარებს შორის100/50-ზე და 110/40-ზე ვერ უზრუნველყოფს:
"110/40 იქნება 130/20 იქნება თუ სხვა, რიცხვებში არ არის საქმე, საქმე არის პრინციპში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ,რომ როგორც მინიმუმ ყველაზე დაბალი უნდა ქონდეს 40%-იანი მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, იმისთვის რომ მას ქონდეს შანსი, რომ ერთპიროვნულად შექმნას მთავრობა,110/40-ზე ამას არ უზრუნველყოფს, არც 100/50 არ უზრუნველყოფს, ამას შეიძლება უზრუნველყოფდეს 130/20, მაგრამ აქ რიცხვებზე არ არის კიდევ სხვა მოდელებიც არსებობს, რომელიც იგივე პრინციპის უზრუნველმყოფი შეიძლება იყოს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ნაკლებ მტკივნეულად დამარცხების რეცეპტებს ეძებს:
"იმ ვითარებაში როდესაც ხელისუფლება აგრძელებს ხელების გადაგრეხვას, აგრძელებს დაპატიმრებებს, აგრძელებს თავდასხმებს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე და აგრძელებს უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ, მე ვერ ვხედავ დიდ პერსპექტივებს და დანარჩენი მაინც დრო აჩვენებს. ვიცით რომ შიშით არის გამსჭვალული ივანიშვილი, ეძებს რაღაცა რეცეპტებს იმისა, რომ ნაკლებად მტკივნეულად დამარცხდეს, სანამდე მიიყვანს ფანტაზია ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ," - აღნიშნა ზოდელავამ.