ერთი დღე საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად - უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. "კურიერის" ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი არაფორმალური შეხვედრა დღეს გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ კომპრომისამდე მისასვლელად გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს - ეს არის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
"ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ, ვინც 20 ივნისის მერე დააკავეს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და 10 მაჟორიტარულ ოლქს დავუთმობთ. ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და აქ ციფრებზე ვლაპარაკობთ და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და თითოეულ ადამიანს ვუთხრა, რომ ჩვენ დავთანხმდებით მხოლოდ იმას, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, რაც გულისხმობს მაქსიმალურად პროპორციულის გაზიარებას. იქნება ეს 140/10-ზე, იქნება ეს სხვა, ამას შევხედავთ," - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ წინაპირობების შესრულების გარეშე ხელისუფლების მხრიდან წამოსული არცერთი წინადადება მისაღები არ იქნება.
"რაღაცა ტიპის წინადადება მაინც დადონ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში კონსესუსისთვის მართლაც მზად არიან. კონსესუსის მისაღწევად საჭიროა გარკვეული წინაპირობის შესრულება და ეს არის წინაპირობები, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა - უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ლიდერების დევნა უნდა შეწყდეს და ამის შემდეგ უნდა დავინახოთ მართლაც სერიოზული განწყობა, რომ მათ სურთ კონსესუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც შედეგზე გავიდეთ. ამ წინაპირობების გარეშე არცერთი ეს მოდელი მისაღები არ არის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები "პაექრობის წესებზე" შეთანხმებას მოახერხებენ.
"არჩევნები არ ტარდება პარტიებისთვის, მარტო იმათთვის, ვისაც ირჩევენ, იმათთვისაც ტარდება, ვინც ირჩევს. მე რომ ავირჩიო ვიღაც, როგორც მოქალაქემ, მე უნდა ვიცოდე ის რას ლაპარაკობს. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ გარკვეული სახის კონსესუსი შედგება. ეს რასაკვირველია, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ესენი ყველა ერთმანეთის მეგობრები გახდებიან. შეთანხმება უნდა შედგეს არა ერთად ყოფნის წესებზე, არამედ პაექრობის წესებზე," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფორმატი "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. თუმცა, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მხარეებს შორის არაფორმალური შეხვედრები შედგა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.