საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეო-კონფერენცია გამართა ევროპის იმ ქვეყნებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და ასევე კორონავირუსის (COVID -19) ზრდის დინამიკა.
ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დავალებით წარმატებით მიმდინარეობს და ასევე თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხს. განხილული იქნა ამისთვის უკვე არსებული და დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტურ დახმარებას. აღინიშა რომ მთავრობა მუშაობს ევროპის და მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობაზე.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის გავრცელების ფონზე გაწეული მუშაობისთვის, რაც მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე ხშირად გმირობის ტოლფასია და ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნისთვის.
ზალკალიანის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, მთავრობის აქტიური მუშაობით პანდემიის გავრცელების ფონზე ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000 მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.