საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ, ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.
უწყების ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.
"მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას," - ნათქვამია განცხადებაში.