ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსის გამო შექმნილი გლობალური კრიზისის საქართველოს მოქალაქეებზე ზემოქმედების შესარბილებლად ეტაპობრივ ღონისძიებებს ახორციელებს.
ნათია თურნავას თქმით, შემდეგი ეტაპი უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება იქნება. ამის შესახებ მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ვიცით, რომ დაიწყო კომპანიების შემცირების პროცესი, ბევრი ადამიანი უკვე რჩება უმუშევარი, სამწუხაროდ, კიდევ რაღაცა პერიოდი გაგრძელდება, იმიტომ, რომ მთლიანად გლობალური ეკონომიკა შედის ძალიან დიდ კრიზისში და ჩვენ ნაწილი ვართ ამ გლობალური ეკონომიკის.
ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზემოქმედება შევარბილოთ. შემდგომი ნაბიჯი არ დააყოვნებს, მაგრამ იქნება გადადგმული მაშინ, როდესაც სრული სურათი უფრო კარგად გვეცოდინება. ეს პირველ რიგში შეეხება იმათ, ვინც დაკარგავს დაქირავებით სამსახურს. ეს დათვლადია და გამომდინარე იქიდან, რა სურათიც იქნება, უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
იმის შესახებ თუ რა მექანიზმით აღრიცხავენ და დაეხმარებიან უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, მინისტრის თქმით, ამის შესახებ ამ ეტაპის გამოცხადებისას გახდება ცნობილი.