"ევროპული საქართველს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ დღეს ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და ფინანსები საზოგადოებისკენ იყოს მიმართული. დავით ბაქრაძე ამის განხორციელებისთვის ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმასაც სთავაზობს.
"ჩვენ უნდა შევამციროთ დღეს ყველა ხარჯი. არ არის დღეს ჩემი ამოცანა მთავრობის კრიტიკა და მინისტრების წინააღდეგ შეტევა. დღეს სხვა პირობებში ვართ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მთელი თანხები უნდა იქნეს გადასროლილი საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის დაცვაზე. დღეს რაღაც მისტიური სახით კი არ უნდა ვისაუბროთ, რო გეგმა გვაქვს და მერე ვიტყვით, დღეს რა უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამ ყველაფერს, მით უფრო ნაკლები ზიანი იქნება. არის ნაბიჯები, რომელსაც ფულიც არ სჭირდება. მაგალითად, საპენსიო ფონდიდან ადამიანებისთვის დანაზოგის დაბრუნებამ საპენსიო ფონდში გადარიცხვების შეჩერება. ეს არის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც წავა ადამიანების ჯიბეში, რომელი დარჩება ეკონომიკაში და ერთი კაპიკი არ დაეხარჯება აქედან სახელმწიფოს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ახლა კრიტიკის დრო არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს, ხელისფლებასთან ერთად განიხილონ ანტიკრიზისული გეგმა.
"აბსოლუტურად არა კრიტიკის, არა თავდასხმის, არა თავზე ლაფის დასხმის რეჟიმში, არამედ საქმიანი ოპონირების რეჟიმში, მზად ვართ რომ მთავრობასთან ერთად გავიაროთ, იმიტომ რომ დღეს ყველას საერთო ამოცანა გვაქვს და თუ ჩვენი მოსახლეობა არ დავიცავით ვირუსისგან და ეკონომიკური კოლაფსისგან, დაგვექცევა ეს ქვეყანა თავზე. ამიტომ, ვიმეორებ, სრულიად საქმიანად ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ვთავაზობთ ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას თავისი გაწერილი ბიუჯეტით და ძალიან დეტალურ ნაბიჯებით, რა უნდა გაკეთდეს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.