18 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
შეუქმნის თუ არა საფრთხეს COVID-19 საკონსტიტუციო ცვლილებებსა და არჩევნებს - ირაკლი კობახიძეს პრობლემის მალე მოგვარების იმედი აქვს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 2 კვირიან ვადაში უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე იმედოვნებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოშიც და მსოფლიოშიც პრობლემა მალე ამოიწურება და საკონსტიტუციო ცვლილებებიც და არჩევნებიც გათვალისწინებულ დროს ჩატარდება.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება, ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი ვადა, როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება შესაბამისი მოცემულობა და გვექნება საშუალება ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ არჩევნები. ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე, ეს დამოკიდებულია იმაზეც, როგორი იქნება პანდემიასთან დაკავშირებით ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად საქართველოში, თუმცა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და უფრო ადრეც იმედია და შევძლებთ 31 ოქტომბრისთვის როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე კორონავირუსის პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა ბედი ელის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს და არის თუ არა მოსალოდნელი არჩევნების გადატანა, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სტანდარტულ ვადებში ჩატარდება:

"ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ არჩევნების ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. თუ მცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ადრე ამოიწურება და ჩვენ შევძლებთ სტანდარტულ ვადებში ჩატარებას,"- აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები