4 აპრილიდან ლოცვები დაიწყება შუადღის 4 საათზე, ხოლო ტაძრები დაიკეტება, არაუგვიანეს, 8 საათისა - ამის შესახებ პატრიარქის პრეს-მდივანმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხსენებული ზომები კომენდანტის საათის შეზღუდვების შესრულების ფარგლებში მიიღო.
მისი თქმით, შეტყობინება ახალი რეგულაციების შესახებ სასულიერო პირებს უკვე გაეგზავნათ.
დეკანოზმა ასევე იმ აუცილებლად შესასრულებელ ზომებზე ისაუბრა, რაც ტაძარსა და მის გარეთ აუცილებელი დისტანციის დაცვას გულისხმობს. მამა ანდრიამ განმარტა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად დახმარება ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ სამების არქიმანდრიტს სთხოვონ.
ანდრია ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა სასულიერო პირებს, რომ ხატები და სიწმინდეები ხშირად უნდა გაიწმინდოს სპირტით, ან ვარდის წყლით, რომელიც, ასევე, სპირტნარევია.
მისივე თქმით, ყველა ტაძარში გამოიყოფა ერთი ადამიანი, რომელსაც ამ დავალების შესრულება დაევალება.