20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ომბუდსმენის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა.
"სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტიურად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ უკანონო ბრძანება გასროლებზე და ა.შ. არავის გაუცია.
აქვე, აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, თითქოს იქ რაღაც მონტაჟის კვალი არსებობს ან ვიღაცამ რაღაცა ამოჭრა რაციების ჩანაწერიდან, იმიტომ, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი არ არსებობს, შესაბამისად დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის გაუცია, პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტზე იყო მიტანილი შტურმი და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ყველანი ერთად, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.