უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ჯერ კიდევ ელოდება.
სხვადასხვა ქვეყანაში მყოფების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
საუბარი იყო მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში საქართველოს მისიების და დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების დახმარებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 4000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
"ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია იმ აქტუალური თემების შესახებ, რომელიც ქვეყნის შიგნით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს ადარდებს, განსაკუთრებით დიასპორაში.
შესაბამისად, ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომელითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად განახორციელონ ქმედებები,"- განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.