18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად პაციენტთა მკურნალობის მეთოდი იცვლება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად იცვლება პაციენტთა მკურნალობის მეთოდიც. დღეს არაერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ინფიცირებულთა რიცხვს ვეღარ უმკლავდებიან, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს სახლებში მკურნალობენ.

დაახლოებით 80-დან 82 პროცენტამდე ინფიცირებულები, როგორც წესი, საშუალო სიმძიმის პაციენტებს წარმოადგენენ, რომლებიც სახლში მკურნალობას ექვემდებარებიან. გასათვალისწინებელია რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს. სწორედ ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია სახლის პირობებშიც სწორი დისტანცირება და ექიმებთან მუდმივი კონტაქტია. 

საქართველოში ამ ეტაპზე ნებისმიერი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა სტაციონარში გადაყვანას ექვემდებარება. სიმძიმის მიუხედავად, პირველი 1 500 პაციენტი სწორედ იქ გაივლის მკურნალობას, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი რომ სახლებში მკურნალობის რეჟიმზე გადავიდეს, ამისათვის სახელმწიფომ უნდა დაინახოს, რომ ვითარება მძიმდება. ასეთია, მაგალითად, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ათობით შემთხვევა და მზარდი ტენდენცია.

მედიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს სცენარი მხოლოდ მონახაზად დარჩება. მეტიც, მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას იმის ფუფუნება აქვს, თუნდაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს სტაციონარში უმკურნალოს.

რეალურად, რესპირატორული ინფექციების მართვა პედიატრებმა, ინფექციონისტებმა, ალერგოლოგებმა თუ ოჯახის ექიმებმა ისედაც იციან, თუმცა კრიზისულმა ფაზამ მედიკოსების გადამზადების აუცილებლობა მაინც გააჩინა. ვიდრე მთავრობა ამ მხრივ ახალ გაიდლაინს წარმოადგენდეს, უკვე ცნობილია ის ახალი მიდგომა, რომლითაც ბინაზე მკურნალობა მოხდება.

საქართველოს შემთხვევაში ეს ოდნავ განსხვავებულად იმუშავებს. კერძოდ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა "კურიერის" ეთერში განმარტა, პაციენტებს საკარანტინო ზონებშიც გადაიყვანენ, სადაც დისტანციის დაცვა უფრო მარტივია.

ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომებს ცხელი ხაზის მეშვეობით ოჯახის ექიმები აკონტროლებენ. იქ, სადაც სიმპტომატიკა საეჭვოდ გამოიყურება, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს მოწმდებიან. სწორედ ოჯახის ექიმები დაიწყებენ სახლებში აქტიურ მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება.  

დღის ამბები