საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენცია ძალიან შინაარსიანი და საინტერესო იყო და COVID 19-ის წინააღდმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულ საქმიანობას შეეხებოდა.
მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციაზე ასევე, საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებზეც.
"ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა. საუბარი იყო ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ COVID 19-ს. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში. უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა, კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებს. საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მოგეხსნებათ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისული სიტუაციაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა და საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა იმისთვის, რომ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან დახმარების სახით თუ სხვადასხვა პროგრამების მათთვის გაზიარების კუთხით. ამ თვალსაზრისითაც ვიდეოკონფერენცია ძალიან სასარგებლო იყო," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტის ჩატარების ზუსტი დრო უცნობია, საქართველო უკვე ემზადება, რომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.
"ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის - „მეტი მეტისთვის“ კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, სამიტი ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რაც უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განვითარდება. მიუხედავად თარიღისა, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. მინდა გამოვთქვა იმედი და ეს იმედი ვიდეოკონფერენციის დროსაც იყო გამოხატული, რომ ივნისისთვის შესაძლოა ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.