18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ს გამოცდილ მოკავშირეს წარმოადგენს - The daily signal

The daily signal საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს - პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ ათასობით მებრძოლი გააგზავნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

"საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, დღეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორს რიგ კრიტიკულ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა მდებარეობს იმ ძალისხმევის წინა ხაზზე, რომლის მიზანიცაა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავება. საქართველომ ათასობით მებრძოლი გააგზავნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის,  თბილისის გარეუბანში, რომლის მიზანიცაა „რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლა“.

2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ „24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება". რეგიონში უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, ლუგარის ლაბორატორიამ დაიწყო წვლილის შეტანა კორონავირუსის ქცევის კვლევაში უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზეც.

ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, „მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა... საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით".

როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ახლახანს აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიული ნაბიჯები "COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ".

7 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის შედეგად მხოლოდ ერთი გარდაცვალება.

ისევე, როგორც წარსულში მომხდარი კრიზისების და გამოწვევების შემთხვევაში, ამჟამინდელი პანდემიის პირობებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს. ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით.

1996 წლიდან მოყოლებული, როცა Heritage Foundation-მა პირველად ჩართო საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, ქვეყნის ეკონომიკამ „რეპრესირებული“ კატეგორიიდან გადაინაცვლა „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაში.

ამ ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო ბაზრების გახსნის, რეგულაციების შემცირების და გადასახადების გამარტივების მიზნით გატარებულმა მრავალმხრივმა რეფორმებმა შედეგად მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება-განახლება. წელს, მაგალითად, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-12 ადგილზე მყოფი ქვეყანა.

ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს (მათ შორის ჯერ-ჯერობით შეჩერებული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე), ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ფარგლებში.

ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს, მტკიცეა და ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2017 წლის აგვისტოში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირები ყველაზე უკეთ არის გამოხატული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში უსაფრთოხების და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი“.

მართლაც, საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მერ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას," - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები