იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ე.წ მატროსოვის ციხის დახურვასა და პატიმრების გადაყვანის შესახებ, სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციური სისტემის ვალდებულება არ ყოფილა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ პატიმრებს და ადვოკატებს. ამ თემაზე თეა წულუკიანმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"არავითარი მოულოდნელობა არ ყოფილა, პენიტენციური სისტემის განვითარების სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვაუმჯობესებთ პატიმრების პირობებს და ძველი ციხეები, რომელთა შორის პირველ ადგილზე იყო წლების მანძილზე მატროსოვის #9 დაწესებულება უნდა ყოფილიყო დახურული. პატიმრება იცოდნენ, ამის შესახებ არსებობს ოქმები, იცოდნენ ადვოკატებმა. სახალხო დამცველს ჩვენ ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას წინასწარ ვერ შევატყობინებთ. მე არ ვიცი, რა იყო ადრე, ჩვენ არასდროს შეგვიტყობინებია წინასწარ, რომ ესა თუ ის პატიმარი, ამა თუ იმ ციხეში გადადის. ვატყობინებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც არის გარდაცვალების შემთხვევა, ან უბედურება როდესაც ხდება. მან მოავლინა წარმომდგენლები ეტაპირების პროცესში და ისინი რუსთავში არკვევდნენ იმას, მაგალითად, ახალაიას და უგულავას მატროსოვიდან თან წაყვათ თუ არა ტელევიზორი და მაცივარი, ამაზე ნერვიულობდნენ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა საბჭოური მიდგომა უწოდა მაღალჩინოსნებისთვის ცალკე არსებულ ციხეს და განაცხადა, რომ ამ პრაქტიკის გაუქმება, სწორი გადაწყვეტილებაა.