18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
250 მილიონ ევრომდე დახმარება საქართველოს - კარლ ჰარცელმა იმ სფეროებზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება

კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისის ფონზე ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ დახმარებაში ყველაზე დიდი წილი საქართველოსა და უკრაინაზე მოდის.  საქართველოსთვის გამოყოფილია 183 მილიონი ევრო, უკრაინისთვის კი 190 მილიონი.

რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის დახმარება - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

კარლ ჰარცელის თქმით, ამ დახმარების გარდა ევროკავშირი საქართველოს კიდევ რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ეხმარება, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის.

"ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრენინგი. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო.

ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და დაეხმარება როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.

კარლ ჰარცელის თქმით, ის საქართველოზე შეყვარებულია და მისთვის პატივია აქ ყოფნა, ასევე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების ძალისხმევასაც წესების დაცვასა და კორონავირუსის ზიანის შემცირებაში.

კარლ ჰარცელმა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სოლიდარობის გამოვლენას შეუწყობს ხელს და ნდობა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს გარეთაც გაძლიერდება.

კარლ ჰარცელმა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას. ელჩის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ცვლილებები გეგმის მიხედვით განხორციელდება.

 

დღის ამბები