"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "დღის კურიერის“ ეთერში 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, 9 აპრილი არის დღე, რომელიც კარგად გამოხატავს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა. დავით ბაქრაძის განცხადებით, სწორედ საზოგადოების ერთიანობამ მოუტანა ქვეყანას 1991 წელს დამოუკიდებლობა, რომელიც ერთად დგომის გარეშე წარმოუდგენელი მისაღწევი იქნებოდა.
"ეს არის დღე, რომელიც პირველ რიგში არის ჩვენი გმირების გახსენების დღე და ასევე დღე, რომელიც გვიჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როდესაც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ეროვნული მიზნებისთვის.
1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ჩანდა ძალიან შორეული პერსპექტივის ამოცანა, მაგრამ სწორედ 9 აპრილს, სწორედ საზოგადოების ერთიანობამ, ერთად დგომამ და ბრძოლამ ძალიან სწრაფად, 2 წელიწადში მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე და დღეს, როდესაც სოლიდარობაზე ვლაპარაკობთ და ერთად დგომაზე, 9 აპრილი არის სწორედ იმის მაგალითი, რომ თუ ქართველები შევძლებთ ერთად დადგომას, თუ შევძლებთ ერთიანად ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საერთო პრობლემების წინააღმდეგ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს და წარმატებას. ამიტომ, ტკივილის და დაღუპულებს გარდა, ჩემთვის 9 აპრილი არის ასევე თავისუფლების და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის ხაზგასმის დღე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.