შეუქმნის თუ არა COVID-19 საფრთხეს საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, არჩევნებს და საარჩევნო ცვლილებებს საფრთხე, ერთადერთი იმ შემთხვევაში დაემუქრება თუ შესაძლო სცენარებიდან ყველაზე უარესი მოხდება.
მდინარაძის განცხადებით, იმ პროგნოზებით, რაც ამ დროისთვის არსებობს, საკონსტიტუციო ცვლილებები დათქმულ ვადებში უნდა განხორციელდეს.
"ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეს მოცემულობა, თუ 3-4 სავარაუდო სცენარიდან ყველაზე ცუდი მოხდა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ ამის საფუძველს იძლევა პროგნოზები რასაც სპეციალისტები გვაწვდიან.
მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნებს რაიმე დაემუქროს. ოპოზიციის სასარგებლოდ ერთადერთი, რაც გულწრფელად ვთქვა ის არის, რომ ისინი წამოგვყვნენ საუბარზე და ინტერპრეტაცია არ მოახდინეს სათავისოდ კონსტიტუციური და რეგლამენტის დათქმების.
მაისის ბოლოს, ივნისშიც რომ მორჩეს ამ გამოწვევასთან ბრძოლა, ჩვენ მაინც თავისუფლად მოვასწრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პარალელურად საარჩევნო ცვლილებებსაც. ყველა შეთანხმება, რაც შედგა ოპოზიციასთან, იქნება აღსრულებული, ამაზე სანერვიულო არც საზოგადოებას, არც ოპოზიციას, არც ჩვენს პარტნიორებს და არც ჩვენ არ გვაქვს. დრო ამაში ხელს არ შეგვიშლის თუ საუბედუროდ ძალიან ცუდი სცენარი არ განვითარდა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერში" საუბრისას.