ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "დღის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ დღეს შექმნილ ვითარებაში მთავარი ერთიანობაა. მისი თქმით, მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმისა, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და გამოცხადებას და კარანტინის შემოღებას ეხებოდა, "ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა.
"დღეს მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეჟიმში უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გვქონდა ბოიკოტი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარი დავუჭირეთ კარანტინს. პრაქტიკულად მოხსნილი გვაქვს დღის წესრიგიდან ყველა ის პოლიტიკური თემა, რომელიც სხვა ვითარებაში გამოიწვევდა ძალიან მწვავე შიდა დაპირისპირებას და შიდა ოპონირებას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენის მხრიდანაც ვდგამთ ნაბიჯებს, უკვე თვეზე მეტია, დაახლოებით 360 მარტოხელა მოხუცებულს, გაჭირვებულ ოჯახს ჩვენს საკუთარი სახსრებით ვყიდულობთ, ვანაწილებთ და ოჯახებში ვარიგებთ დახმარებას. ამაში შედის სურსათიც და პირველადი დახმარების ნივთებიც.... კორონავირუსთან ბრძოლა არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, თუნდაც ხელისუფლების, ასევე ჩვენ წარმოვადგინეთ, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად მომზადებული სერიოზული ანტიკრიზისული გეგმა. ეს არის პირდაპირი დახმარებები უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მიმართ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.