"დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გაცილებით მეტს ხარჯავს ქველმოქმედებაში, პროპორციულად საკუთარი შემოსავლისა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას გამოეხმაურა.
მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში შეეძლო გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას, ხომ გინდათ, რომ ვიყო გულრწრფელი და გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ - ეს არის ცინიზმი. ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან...
ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის მმართველის და ჩემი აზრით მძარცველის შემოსავალი 2019 წელს გახდა 550 მილიონი დოლარი და მისი ქონების 0,6%, რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს ახლა მოწონებული?!
ტვიტერის დამფუძნებელმა საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი," - განაცხადა ნიკა მელიამ.
გარდა ამისა, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს. მან კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებეზე ისაუბრა.
"ოპოზიცია, როგორც არასდროს ისე არის ახლა ხარისხობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიყოთ სოლიდარული და მეტ-ნაკლებად რბილები კრიტიკაში, ამასთან, ვისაც რა შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ და აქ არ არის მხოლოდ საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაზე." ასობით გაჭირვებული ოჯახი არის მხარდაჭერილი ოპოზიციისგან.
ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, რომელიც ეხება ემიგრანტების ჩამოყვანას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მიხელ სააკაშვილმა კონკრეტული შეთავაზება გააკეთა და ასევე თქვა, რომ კი ბატონო, მე ფონდში ჩავრიცხავ თანხას, უბრალოდ კონკრეტულ უკრაინულ ავიაკომპანიას თქვენ გაუფორმეთ ხელშეკრულება და ამის შემდეგ შემდეგ ბუნებრივია, ყველა იმ საფასურს, რომელიც მოემსახურებოდა ყველა ჩვენს ემიგრანტის ჩამოყვანას, ჩვენ ამ თანხას ავანაზღაურებთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.