გამოცემა realclearworld.com-ზე აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზგასმულია საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობებისადმი:
"მარტის დასაწყისში საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშრებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი.
ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეს შეთანხმება წარმოადგენს "მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ, პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ".
შეთანხმებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით. ამ ცვლილებების ასევე მოჰყვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და უმაღლესი შეფასება ორივე პარტიის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პროდემოკრატიული ცვლილებების მიღებას, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, "კომპრომისისა და [პოლიტიკური] სიმწიფის გზით, საბოლოოდ გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცებისკენ".
ხსენებული საყოველთაო მხარდაჭერა მეტყველებს საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე, ასევე ჩემი ქვეყნის მიზანმიმართულებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ მიზანმიმართულებამ დადებითი შედეგები მოუტანა ჩვენს ეკონომიკასაც. Heritage Foundation-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. გარდა ამისა, ეს მიზანმიმართულება კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ურთიერთობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის.
როგორც საქართველოს ელჩი აშშ-ში, მე ყოველდღიურად ვხედავ ამ პარტნიორობას მოქმედებაში.
აშშ-საქართველოს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველო გახდა კიბერშეტევის სამიზნე, რომლი შედეგად გაითიშა ათასობით ვებგვერდი, მათ შორის მედიასაშუალებების, სამთავრობო უწყებების და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურების ვებგვერდები. აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ეთ-ერთი უწყება.
რუსეთის მხრიდან ამ ტიპის თავდასხმები არ არის უცხო არც საქართველოსთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის. უფრო ადრე, 2008 წელს, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, დაიკავა და დღემდე ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
ამ ტიპის მოქმედებას რუსეთი მიმართავს იმიტომ, რომ დღემდე ამაზე პასუხი ნაკლებად მოეთხოვებოდა. საბედნიეროდ, სიტუაცია იცვლება დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შედეგად. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა ცვლილებები სიტუაციაში და დაგმო შეტევა საქართველოზე: "ეს მოქმედება წინააღმდეგობაშია რუსეთის პრეტენზიებთან კიბერსივრცეში პასუხისმგებელი მოქმედი პირის სტატუსზე და ცხადყოფს რიგი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის [სამხედრო დაზვერვის] მხრიდან თავხედური კიბეროპერაციების თანმიმდევრულ ხასიათს. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების გაღვივება, დაუცველობის შეგრძნების შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფრთხეში ჩაგდება".
საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ "საქართველოს მხარდამჭერ აქტს". ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი".
წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი ერთხმად მიიღო, რაც წარმოადგენს იშვიათობას ამჟამინდელი პოლარიზაციის გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ სენატს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ.
გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი, რომელიც, თავად ალიანსის თქმით, უკვე წარმოადგენს მის "ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს". საქართველო მზად არის ამ როლისთვის - ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს მისიებში მებრძოლთა გაგზავნის გზით, მათ შრის ავღანეთის მისიაში.
დასავლეთის სტრატეგიულ განხილვებში შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ზრდის კვალდაკვალ, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გრძელი შავიზღვისპირა ზოლი, გეოგრაფიული სიახლოვე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოსფორის სრუტესთან და ჩვენი მზარდი დაახლოება ნატოსთან. საქართველოს ტერიტორიების დაცვისკენ მიმართული ძალისხმევისთვის ასევე სასარგებლო იქნება ამერიკიდან "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შემოტანა, რის მიზანსაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება.
მზარდი კავშირები საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ სახელმწიფოებს შორის განასახიერებს ერთ ჭეშმარიტებას: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია. მნიშვნელოვანი საფრთხეების და მზარდი გამოწვევების პირობებში სწორედ თანამშრომლობა წარმოადგენს წინსვლის ერთადერთ გზას."- ნათქვამია სტატიაში.