"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დოკუმენტს თან აუცილებლად უნდა ახლდეს ანტიკრიზისულ ღონისძიებათა პაკეტი,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეკონომიკურად, რამაც უამრავი ადამიანის საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა გამოიწვია.
"დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მძიმე ფორმა მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, "კომენდანტის საათს" და მოსახლეობის აქტივობის მაქსიმალურ შეზღუდვას, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესების უდიდესი ნაწილის დახურვას. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ განხორციელებული გეგმა არ იყო უზრუნველყოფილი ფინანსურად და ეკონომიკურად და ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე გამოვკეტეთ სახლში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დოკუმენტს თან აუცილებლად უნდა ახლდეს ანტიკრიზისულ ღონისძიებათა პაკეტი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.