პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაგრძელდება, მას გარკვეული წინაპირობები უნდა ახლდეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოტანილი ბევრი შეზღუდვა "უაზროა."
"მთელი რიგი სრულიად უაზრო შეზღუდვები იქნა შემოტანილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და სრულიად უყურადღებოდაა დატოვებული ეკონომიკა, ჩვენი მეწარმეები და უმუშევრად არიან დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ, ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები, წინაპირობები, რომლებიც თან უნდა ახლდეს საგანგებო მდგომარეობას მისი გაგრძელების შემთხვევაში,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.