18 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ბიზნესების დახურვა-არდახურვის საკითხი ჩაწყობით ხდება, საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სათავისოდ გამოიყენა.

"ვხედავთ, რომ ბიზნესების დახურვა-არდახურვის საკითხი ხდება ჩაწყობით, კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში და მაგალითად მაღაზიათა ქსელის, "სუფთა სახლის" შემთხვევა მოიყვანა. 

თინა ბოკუჩავას თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ხელისუფლება შერჩევითი პრინციპით მოქმედებს. 

"როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობას, მივეცით შანსი ხელისუფლებას, რომ გონივრულად გამოეყენებინა საგანგებო მდგომარეობა. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რეალურად ეს ვერ შეძლეს, რადგან კანონის აღსრულება ხდება შერჩევით. მაგალიათად, გუშინ, როდესაც ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, თბილისის ქუჩებში, სოციალური ქსელებითაც ვრცელდებოდა ეს კადრები და ალბათ ყველამ იხილა, და სრულიად უმოქმედო იყო პოლიცია მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი თუ მგზავრობს მსუბუქი მანქანით და მოთავსებულნი არიან წინა სავარძელზე, პატრულმა ისინი თუ გააჩერა, შეიძლება დაჯარიმდნენ 3000 ლარით,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებას, თუ წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, სადაც გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი დახმარება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 

 

დღის ამბები