"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები რაციონალურ გადაწყვეტილებაზე უნდა შეჯერდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, საგანგებო წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა და დარღვევებზე სახელმწიფოს კონკრეტული რეაგირება ექნება.
კობახიძის თქმით, ეკლესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.
"ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ბუნებრივია ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება მომდევნო დღეებთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ჩვენი პასუხისმგებლობაა მოვუსმინოთ ყველას და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ქვეყანას.
ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი არავის მხრიდან, სწორედ ამას სჭირდება კონსულტაციები. მხოლოდ აღდგომის დღეებზე არ არის საუბარი, არამედ წინა დღეებზეც. საგანგებო რეჟიმის ზოგადი წესები გაწერილია და ბუნებრივია უნდა იყოს დაცული.
სადაც კონკრეტულ შემთხვევაში იქნება დარღვევა, იქ რეაგირება ბუნებრივია იქნება, რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. მათ შორის ჯარიმა, რომელიც არის პირველი სანქცია. სახელმწიფოს ექნება თავისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე რეაქცია," - განაცხადა კობახიძემ.