"ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალა დუმილის დრო არ არის.
"დღეს კვლავ ვდგავართ ეპიდაფეთქების წინაშე. გლობალური სამყარო ებრძვის კორონავირუსს. დღეიდან დაიწყო ვნების კვირეული. ეს არის მართლმადიდებლური სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული, რომელიც სრულდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. შესაბამისად, ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეპიდაფეთქებასთან ერთად, ჩვენ სწორად ვმართოთ პროცესი და სწორი ვითარება და სიტუაცია იყოს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ხელისუფლება კვლავ დუმს, ისინი არ გვეუბნებიან კონკრეტულად არანაირ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი, საზოგადოება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, წარუდგინოს მოქალაქეებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
"მივმართავ ბატონ პრემიერ-მინისტრ გახარიას და პირდაპირ ვეუბნები, რომ თქვენ უნდა გეყოთ გამბედაობა, აიღოთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და კონკრეტულად გვითხრათ როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს, როგორია სამოქმედო გეგმის ინსტრუქცია. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თქვენ აპირებთ ტელევიზიიდან ადევნოთ თვალი სააღდგომო წირვა-ლოცვას. ეს არის პილატეს გზა, რომელმაც ხელები დაიბანა და გავიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. დღეს ეს აბსოლუტურად მიუღებელია და წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, გამოდით და კონკრეტულად მოგვიწოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა ინსტრუქციით უნდა ვიმოქმედოთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.