COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომებით დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი გადაიყვანეს. მას მალევე ჩაუტარდა PCR ტესტი და გაირკვა, რომ სასულიერო პირი ვირუსის მატარებელი არ იყო. ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც საქართველოში სასულიერო პირის შესაძლო ინფიცირებას უკავშირდება, ამბავი კი "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
როგორი იქნება აღდგომის ღამეს გზა, რომელიც ტაძრამდე მივა, ამ დროისთვის არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსახურება კომენდანტის საათის ამოქმედებიდან ზუსტად 1 საათში დაიწყება. სასულიერო პირები ილოცებენ მრევლთან ერთად თუ მრევლის გარეშე და როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია - ამ თემაზე სასაუბროდ მღვდელმთავრები საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ. პატრიარქთან იმყოფებოდნენ ბოდბის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. სინოდის წევრებს დახურული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ. თუმცა მათი ნაწილის პოზიცია ცნობილია და აღდგომის ღამის ლიტონიობა მრევლის გარეშე ვერ წარმოუდგენია, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.
სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საპარტრიარქოში, სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ მიიღებენ. ამ დრომდე საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღდგომის ღამეს მრევლის ნაწილი, კომენდანტის საათის მიუხედავად, ეკლესიაში მისვლას აპირებს და დილამდე იქ დარჩენას გეგმავს. სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე ვნების კვირეულის მსახურება ჩატარდება. მრევლი დისტანციას იცავს, თუმცა კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვერ ბედავს, კანონის აღსრულების ვალდებულება დააკისროს ეკლესიასაც. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი გუნდი არათანმიმდევრულ მოქმედებებში დაადანაშაულეს.
მთავრობის მეთაურს არასაპარლამენტო ოპოზიციური ფლანგიდან დღეს შეახსენეს ,რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის დრო არ არის, ოპოზიცია გიორგი გახარიასგან მოითხოვს გეგმას, როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის აღსრულების მექანიზმი სააღდგომო დღეებში.
საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს განაგრძობს მმართველი ძალა - შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. ხელისუფლებაში აღიარეს, რომ ბზობის დღესასწაულზე საგანგებო რეჟიმის კონკრეტული წესები დაირღვა და ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს მთავრობა, თუკი კომენდანტის საათის პირობებში მრევლი მაინც მივა ტაძრებში.
მრევლს დღეს კვლავ რეკომენდაციების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრმაც.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში არაერთი რელიგიური რიტუალი შეცვალა, შეიცვალა სასულიერო პირების დამოკიდებულებაც. სხვადასხვა ქვეყანაში კონფესიების წარმომადგენლებმა, მათ შორის მართლმადიდებლებმაც, არაერთხელ მოუწოდეს მრევლს, სახლში ელოცათ. ზუსტად 6 დღეში გაირკვევა, როგორ იზეიმებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.