18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვა გრძელდება - პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვა გრძელდება. პროცესი გუშინ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განახლებული პაკეტი ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე გადაეგზავნათ და ის ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

"პარლამენტს არ შეუწყვეტია მუშაობა საარჩევნო მიმართულებაზე. შესაძლოა, ეს ახლა არ არის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ არა ერთი დისტანციური სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს ძირითად პარტნიორებთან. განახლებული პაკეტი უკვე დაგზავნილი აქვთ ოპოზიციურ ფრაქციებსაც, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციების გასწვრივ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას დაარღვევს.

"ნაციონალური მოძრაობა ძალიან კონსტრუქციულად და საქმიანად მონაწილეობდა ამ შეხვედრებში, მათ შორის ჩვენ წარვადგინეთ არა ერთი ჩვენი წინადადება, თუმცა სამწუხაროდ გადაწყვეტილებამ ოქრუაშვილთან დაკავშირებით გვაჩვენა, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს შეასრულოს ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ბუნებრივია, თუ ეს ასე არ იქნება, შეთანხება ჩაიშლება და ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ საერთოდ გამოვეთიშოთ ამ შეხვედრებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

პარლამენტი ცვლილებების ინიცირებას და განხილვას საგაზაფხულო სესიაზე აპირებს. 

დღის ამბები