18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ამსტერდამიდან სპეცრეისით საქართველოს 184 მოქალაქე დაბრუნდება - მათ შორის, არიან ტრანზიტული მგზავრები

დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, აღნიშნული რეისით სამშობლოს დაუბრუნდება საქართველოს 184 მოქალაქე, მათ შორის, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან.

გარდა ამისა, მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ბორტზე ვიცავთ ჭადრაკისებრ განთავსების პრინციპს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გვყავს ბევრი ტრანზიტული მგზავრი, ასეთი არის 14 აპრილის ამსტერდამის რეისი. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამსტერდამის რეისის ბორტი სრულად შეივსოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ თვითმფრინავის სრული შემადგენლობით სარგებლობის შესაძლებლობა," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 5,238 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,866 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

 შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს, საბჭოვე მითითებით ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

დღის ამბები