18 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
„ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“-მარიამ ქვრივიშვილმა Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ ონლაინ სემინარში მონაწილეობა მიიღო

Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ონლაინ მასტერკლასი  "ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში" გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
სემინარი Google-ის სერტიფიცირებულმა საერთაშორისო  ტრენერებმა და ფოტოგრაფებმა ჩაატარეს. 
სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. 
"დიდი მადლობა Google-ის მთელ ჯგუფს,  ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. COVID-19-ის ფაქტორიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრია  ახლა განსაკუთრებით დაზარალდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დრო კერძო სექტორის მხარდასაჭერად გამოვიყენოთ. ეს არის  ერთობლივი ინიციატივა Google-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, რათა არააქტიური პერიოდი, გამოვიყენოთ იმ ადამიანების განვითარებისთვის, რომლებიც  დასაქმებულები იყვნენ და არიან ტურიზმის სექტორში. ყოველივე ამის მიზანია, როდესაც  ტურიზმის ინდუსტრია თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება  ჩვენ უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ვიყავით COVID-19-ის პანდემიამდე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის კერძო სექტორის გვერდით დგას, რომ მისმა წარმომადგენლებმა ახალი ტექნოლოგიები აითვისონ.
ციფრული მსოფლიო დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ხდება, როგორც არასდროს. ვფიქრობ ჩვენ როგორც ერი, როგორც ტურისტული მიმართულება, ერთად  გავუმკლავდებით  COVID-19-ის გამოწვევას. 
ჩვენ თანამედროვე საზოგადოება ვართ  და უკვე ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის,   ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ციფრული ერა კერძო სექტორისთვის, რათა  უზრუნველყოს ბიზნესის განვითარება.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უმთავრესი როლია კერძო სექტორის მხარდაჭერა.   დღეს ჩვენი აუდიტორია  გიდებისგან, ტურ-ოპეტორებისგან, განთავსების ობიექტების, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის წარმომადგენლებისგან შედგება.  თითოეულ მათგანს განსხვავებული გაყიდვების პლატფორმა აქვს, მაგრამ მიზნობრივი სეგმენტი ერთია.  ვფიქრობ ეს სემინარი ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მათგანს, როგორ დავგეგმოთ სტრატეგია და როგორ განვავითაროთ ბიზნესი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწორედ ციფრული გზით ვიყოთ წარმოდგენილები მთელს მსოფლიოში და ამ მხრივაც  მოვახდინოთ ჩვენი პოზიციონირება."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 
 
Google-ის ონლაინ სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით ციფრული უნარები აემაღლებინათ და შეკითხვებზე პასუხი მიეღოთ.  
 
სემინარი საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს Google Map-ის გამოყენებით თავიანთი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვაში ეხმარება.  
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად  თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა   COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება.

დღის ამბები