ეკლესიის კლასტერის ისტორია იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან იწყება. ახალგაზრდა მღვდელს კორონავირუსი დღეს დილით ოფიციალურად დაუდასტურდა. "კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ მღვდელი ბოლოს ტაძარში ბზობას იმყოფებოდა, შეხება ჰქონდა 5 სასულიერო პირთან და ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებთან. ბოლო ღვთისმსახურება ტაძარში გუშინ გაიმართა, დილიდან კი გადაიდო შვიდგზის ზეთისცხება და სახარების კითხვა. ეკლესიის მსახურები ჰყვებიან, რომ ინფიცირებული მღვდელი ტაძარში ხარების შემდეგ არ გამოჩენილა, მანამდე კი შეხება ყველასთან დისტანციის დაცვით ჰქონდა.
დაინფიცირებული მღვდელს გამო ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სპეციალური ხსნარებით სრულად დამუშავდა ტაძარი და ეზო. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ტექნიკური მუშაკი ამბობს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის რამდენიმე დღით დაიხურა, თავად სასულიერო პირებს კი კარანტინში ყოფნა 2 კვირის განმავლობაში მოუწევთ. ახალგაზრდა მღვდელი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს, სადაც მისი ოჯახის დაინფიცირებული წევრები: და და დისშვილი მკურნალობენ.
ინფიცირებულ სასულიერო პირს ცხელება ხარების დღესასწაულზე ღვთისმსახურების შედეგ დაეწყო, მაგრამ მან მეორე დღეს წირვა მაინც აღავლინა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროს ტაძარში მრევლი თითქმის არ იმყოფებოდა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ტაძრის კარი სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გაიღება და საეკლესიო მსახურებას სხვა ტაძრის მღვდელი აღავლენს.
ეკლესიის გარდა კოვიდინფექცია დაუდგინდა სახელმწიფო უსაფრთხოების იმ თანამშრომელს, რომელიც საპატრიარქოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამ დრომდე უცნობია, ჰქონდა თუ არა შეხება კორონავირუსით ინფიცირებულს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც ბზობის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდნენ და შესასვლელში თერმოსკრინინგი გაიარეს. "კურიერის" ინფორმაციით 12 აპრილს საპატრიარქოს ტერიტორიიდან კლინიკაში 3 პირი მაღალი ტემპერატურით 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა, იქედან ერთ 32 წლის მამაკაცს COVID-19 დაუდგინდა.
საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა, რადგან 32 წლის ინფიცირებული სამსახურში კასპის მუნიციპალიტეტიდან დადიოდა, შეხება ჰქონდა სოფელ ხოვლეს მოსახლეობასთანაც.
ახალი კლასტერების კონტაქტებზე ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ, რა რაოდენობის მრევლსა და სასულიერო პირებს მოუწევთ კარანტინში გადასვლა ამ დრომდე დაუდგენელია. ასევე უცნობია სასულიერო პირისა და დაცვის თანამშრომლის ინფიცირების წყარო, რომელზეც შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ.