თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით არის დაწესებული. კახა კალაძემ განსაკუთრებული აქცენტი მორწმუნე ადამიანებზე გააკეთა და განაცხადა, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე:
"არავის არ სიამოვნებს იმ ვითარებაში ყოფნა, რა ვითარებაშიც გვიწევს ცხოვრება და რა ვითარებაშიც ცხოვრობს მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს იმ შეზღუდვების დაწესება, რომელი გადაწყვეტილებაც ბოლო დღეების განმავლობაში იქნა მიღებული. რთულია ასე ცხოვრება, გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ და ისევ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გვაქვს, ეს არის ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის და დარწმუნებული ვარ, მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ, ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, რამხელა არის სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩუნოთ, ბოლომდე მივიდეთ, ისე, რომ შემდეგ მართლაც მაქსიმალურად ღირსეულად გამოვიდეთ. ამას, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები მოყვება ეკონომიკური განვითარების თვალისაზრისით, მაგრამ ამაზე გუშინ იყო საუბარი, რომ იქნება მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ღირსეულად წამოვდგეთ ამ რთული ვითარებიდან," - განაცხადა კახა კალაძემ.