18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ეკონომიკის ექსპერტი ხელისუფლებას თვითდასაქმებული მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს

როგორ უნდა მოხდეს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსის გამო აღმოჩნდა, - ამის შესახებ აქტიური მსჯელობა მიდის ეკონომიკის სფეროს სპეციალისტთა შორის. ამ კრიზისის გამო გაიზარდა უმუშევრად დარჩენილთა რიცხვიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, სახელმწიფო დაეხმარება, დახმარება კი შემოსავლების სამსახურის ბაზის საფუძველზე გაიცემა. მსჯელობის ერთ-ერთი თემაა ისიც, თუ რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა თვითდასაქმებული მოქალაქეების შემთხვევაში

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ მიდგომა სამართლიანი იქნება, თუმცა არსებულ მდგომარეობაში უფრო მეტი ხელგაშლილობა და თვითდასაქმებულების დახმარება, შესაძლოა უფრო სწორი გადაწყვეტილება იყოს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" ისაუბრა:

"შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებული ადამიანები არიან ისინი, ვინც გადასახადებს იხდიან, პატიოსნად იხდიან თავის ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე და ახლა, როდესაც მათ უჭირთ სახელმწიფოც ადეკვატურად უნდა მოიქცეს და დაეხმაროს მათ უფრო მეტად, ვიდრე სხვას, ვინც მაგალითად, მალავს გადასახადს ან არ იხდის. ეს არის სამართლიანი. მაგრამ თუ შევხედავთ არსებულ მდგომარეობას, ეს მაინცდამაინც შეიძლება არ იყოს სწორი გადაწყვეტილება და მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ თვითდასაქმებულების მიმართულებითაც უფრო აქტიური იყოს," - განაცხადა ჭარიამ.

მისი თქმით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა გზით შეიძლება, მათ შორის, დანახარჯების ან გაუსაღებელი პროდუქციის გადამოწმების მიხედვით.

ვახტანგ ჭარაიამ იმ რიცხვებზეც ისაუბრა, რა რაოდენობის ხარჯის გაწევაც სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს.

მისი თქმით, დახმარება რომ პირობითად, 200 ლარი იყოს და 100 ათას ადამიანზე დაანგარიშდეს 6 თვით, ეს ხარჯი ბიუჯეტს 120 მილიონი ლარი დაუჯდება, ხოლო თუ ასეთი ადამიანების რაოდენობა 500 ათასამდე იქნება, ეს თანხა 600 მილიონამდე იზრდება:

"ეს ისეთი თანხებია, რომლის გადახდის უნარიც ამ ეტაპისთვის იმ საერთაშორისო დახმარებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოინახოს და შეიძლება, რომ ასეთი ტიპის დახმარება გაწეული იყოს," - აღნიშნა ჭარაიამ.

დღის ამბები