18 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას, რომელმაც ახალგორი ჩაკეტა 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას, რომელმაც ახალგორი ჩაკეტა და ამით რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდნენ. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და საუბედუროდ უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც სხვადსხვა ფორმა აქვს.

4 სექტემბრიდან - ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე ფაქტობრივად ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა.

დღესაც ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებს, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ მათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების.

საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება და ამის გამო ძალიან ბევრი სიცოცხლე შევინარჩუნეთ და ძალიან ბევრის ჯანმრთელობაც გადარჩა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

დღის ამბები