18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ტიტების გამყიდველის, 73 წლის მიშა ყარაულაშვილის დაჯარიმების საქმეს ადვოკატები გაასაჩივრებენ

73 წლის მიშა ყარაულაშვილის საქმეს, რომელიც ბზობის დღესასწაულზე ტიტების გაყიდვისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს, ადვოკატები გაასაჩივრებენ. როგორც ყარაულაშვილის უფლებადამცველი ამბობს, სარჩელით სააპელაციო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ. თელავში მცხოვრებ მეყვავილის დასახმარებლად სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა და უკვე 10 ათას ლარზე მეტი შეგროვდა.

ამ თემაზე გუშინ "ღამის კურიერშიც" იყო საუბარი, სადაც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ თემაზე მეტი დეტალის გარკვევა იყო საჭირო. მაგალითად, ეხმარებოდა თუ არა მოხუცს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რადგან ტიტების გამყიდველი ამბობდა, რომ მას თანხა წამლის საყიდლად სჭირდებოდა.

"ძალიან გვიჭირს ოჯახს, ობლები გვყავს და დახმარებას ვერ ვიღებთ. მერიას მივმართეთ ადრე და ასე მითხრეს მანქანა გყავს და ვერ მოგცემთ დახმარებასო,"- ამბობს ტიტების გამყიდველი, მიშა ყარაულაშვილი.

"კურიერმა" დღეს გაარკვია, რომ სოციალური სტატუსის არ ქონის გამო, მიშა ყარაულაშვილს დახმარებისთვის მუნიციპალიტეტისთვის არ მიუმართავს, თავის მხრივ თელავის მერიაშიც აცხადებენ, რომ ამ მიზეზით ის პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებდა. ოჯახური პირობების შესწავლის შემდეგ ყარაულაშვილებს სასურსათო კალათა გადასცეს.

დღის ამბები