"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, იმ შედეგებზე, რომლებიც ქვეყანას დაუდგება კორონავირუსთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას, მორალური კი სასულიერო პირებს დაეკისრებათ.
აღნიშნული განცხადებით გიგა ბოკერია საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც სერიოზული რისკების მიუხედავად, აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლის დაშვებას გულისხმობს.
"ამ სამარცხვინო ამბავზე და ყველა შედეგზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელმაც არ აღასრულა საკუთარი მოვალეობები და პირიქით, სიგნალი გაუშვა, რომ ეს ნორმალურია და ეს დაუშვა, ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხოლო უზარმაზარი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სასულიერო პირს და ეკლესიის ხელმძღვანელს, ვინც ასე იქცევა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.