სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტი კეთდება ოკუპაციის გამო შექმნილ პრობლემებზე. შეფასებები მოჰყვა ანგარიშის იმ ნაწილსაც, სადაც 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აქცენტს 20 ივნისის მოვლენებზე აკეთებს და მას ჰიბრიდული ომის ნაწილად აფასებს:
"ჩვენი მტრების - შიდა თუ გარე, სამწუხაროდ შიდაც არსებობს, ამასაც არ უნდა გავექცეთ, საერთო მიზანი და ინტერესი არის, რომ ჩვენი ქვეყანა და შესაბამისი ინსტიტუტები დასუსტდეს, ის რაც 20 ივნისს მოხდა, ესეც ცხადია მოხვდებოდა სუსის ანგარიშში, რაც იყო ჩემი აზრით, ჰიბრიდული ომის გარკვეული ელემენტი, რაც მიმართული იყო ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების დასუსტებისკენ. აქაც სახელმწიფომ უპასუხა ადეკვატურად თუმცა ძალიან მძიმე შედეგით დასრულდა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას შეფასებით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის საფრთხე და გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშეა:
"უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ასახულია ყველა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, როგორც კონვენციური, ასევე ჰიბრიდული საფრთხეები და ამ საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებები, მათი პრევენციის და ნეიტრალიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, საუბარია ანგარიშში ოკუპაციის და ოკუპაციის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, კონტრტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე, ისევე როგორც უცხო ქვეყნების და მათი სპეცსამსახურების მისწრაფებების პრევენციაზე და ნეიტრალიზაციაზე,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.