18 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა - ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდსა და სასულიერო პირების ნაწილს აკრიტიკებენ

პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას, მმართველ გუნდსა და სასულიერო პირების ნაწილს, "ევროპული საქართველო" ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების გამო აკისრებს.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ფონზე, აღდგომის ღამეს, ეკლესიების ნაწილში წირვაზე მრევლის დასწრებას, დაუშვებლად მიიჩნევენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლების და ეკლესიის შეთანხმებას წინასაარჩევნო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ეპიდემიაზე პასუხისმგებლობას მთავრობასა და საპატრიარქოს აკისრებენ.

მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკის გამო, პარტია "ლელოში" სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ხაზგასმით საუბრობენ. პოლიტიკურ მოძრაობაში ამბობენ, რომ კანონს ყველა თანაბარად უნდა დაემორჩილოს. ოპოზიციის განმარტებით, შერჩევითი მიდგომა,COVID-19-ის წინააღმდეგ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს აზრს დაუკარგავს.

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებასა და ერთობლივ გადაწყვეტილებას ოქროს შუალედად აფასებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ეპიდემიის გავრცელების დინამიკა და სიჩქარე, რეკომენდაციების შესრულების პირდაპირ პროპორციული რომ არის, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დისტანცირების დაცვის მიუხედავად, ინფიცირების რისკი მზარდია, როდესაც ადამიანები ერთ სივრცეში რამდენიმე საათს გაატარებენ. ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ ახსენებს და განმარტავს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მკაცრი ზომები პანდემიის შესაჩერებლად საკმარისი არ არის.

ვირუსის გავრცელების კუთხით, ქვეყანა კრიზისულ ფაზაშია - აცხადებენ ეპიდემიოლოგები. ამ რეალობის გათვალისწინებით, სპეციალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირება - ერთადერთი ინსტრუმენტია, რაც COVID-19-ის გავრცელებას შეაფერხებს.

დღის ამბები